
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნებისმიერ კორუფციულ დანაშაულზე სახელმწიფოს ექნება შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
"საქართველო, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, კორუფციის დაბალი დონით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა არის. შესაბამისად, იქნება ყველა ის ზომა გატარებული, რაც კორუფციის აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, რომ ის მოხელეები, ჩინოვნიკები, ვინც ასეთ საქმეში იქნებიან მხილებული, მათთან მიმართებაში კანონი შესაბამისად იმოქმედებს, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა. დანარჩენი ყველაფერი არის გამოძიებისა და სასამართლოს საკითხი", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარუდგინეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან.