
"ხალხის ძალა" ევროკავშირის ელჩს საქართველოში ე.წ. დიფ სთეითის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მოძრაობამ სოციალურ ქსელში ვრცელი ტექსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი პაველ ჰერჩინსკის "ბათუმელებისთვის" მიცემულ ინტერვიუზეა გაკეთებული. განცხადების ავტორები ჰერჩინსკის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ღია ჩარევის გამო აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ევრო-ბიუროკრატების დავალებით, დიპლომატი მუდმივად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დემონიზებას, ავრცელებს დეზინფორმაციას და ახალისებს კრიმინალს, მათ შორის, თავდასხმას პოლიციელებზე. მოძრაობაში ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედებების გამო ელჩის გაწვევის მოთხოვნა ლეგიტიმური იქნებოდა, თუმცა ჰერჩინსკის მაგალითზე საზოგადოება კარგად ხედავს "დიფ სთეითის" რეალურ სახეს.
ინტერვიუ პაველ ჰერჩინსკიმ გამოცემა "ბათუმელებს" 3 დღის წინ მისცა. გაზეთის რედაქციაში მისულმა ელჩმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შოკისმომგვრელი საქმე მიმდინარეობს. ელჩმა ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვაზეც ისაუბრა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
დიპლომატის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილმა დღეს ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტიც შეახსენა და თქვა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თანასწორობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული.
"ხალხის ძალის" განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ევროგაერთიანების წარმომადგენლის უფლებებზე საუბრობენ. პოლიტიკოსების თქმით, მსგავსი განცხადებები ევროინტეგრაციის კურსს აფერხებს
ოპოზიციის მხრიდან ჰერჩინსკის დაცვა არ უკვირთ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების აზრით, ჰერჩინსკიც და ოპოზიციაც საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ არიან და ევროპელი დიპლომატი რეალურ ფუნქცია-მოვალეობებს ვერ ასრულებს.
"ხალხის ძალა" ევროპელი ბიუროკრატების მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს ხშირად აქვეყნებს. მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ევროსკეპტიციზმის გაღვივებას ხელს თავად ევროპელი დიპლომატები უწყობენ.