
"ქართული ოცნება" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ცალკეულ წარმომადგენლებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრი აცხადებს, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა და ბოლო პერიოდში დაკავებულების გათავისუფლება აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც ქართულმა მხარემ საბოლოოდ უარი თქვა როგორც რეზოლუციის, ასევე შემაჯამებელ დეკლარაციის მხარდაჭერაზე.
ეუთოში ქართული დელეგაციის წევრები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოხვდა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში ხელახალი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, ამასთან ერთად კი, საქართველოსთან დაკავშირებული სხვა საკითხები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ყველა მსგავსი ჩანაწერი "მეგობარი აქტის" ავტორის ჯო უილსონის გავლენით მომზადდა და დაიწერა.
პორტოში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. ნაწილი საზოგადოებას იმაში არწმუნებდა, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა ხმა მიეცა დეკლარაციისთვის, რომელიც სირიისგან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის უკან წაღებას ეხებოდა, ნაწილი კი იმას ამტკიცებდა, რომ ქართული დელეგაცია იძულებული გახდა ჯო უილსონის შესწორებებისთვის დაეჭირა მხარი.
ოპონენტებს, ისევე როგორც ზოგიერთ მედია საშუალებას, "ოცნება" დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში სდებს ბრალს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე უარის თქმის მოთხოვნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნოდა. ოპონენტებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა მაია ბითაძე. ეუთოში საქართველოს დელეგაციის წევრი წერს, რომ ნიკოლოზ სამხარაძის წინადადებამ, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს მხარდაჭერა მიიღო. პორტოს დეკლარაციით მოუწოდებენ სირიას „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარება. "ქართული ოცნება" ოპოზიციას სიცრუისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ჯო უილსონის გავლენით მხარდაჭერილი დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარისთვის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს გენმდივნის და შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებებს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნები გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, სამართლიანად და და ამომრჩევლის ნების ამსახველად შეაფასეს. შალვა პაპუაშვილს კითხვები აქვს იმ დელეგაციებთანაც, რომლებიც უილსონის ჩანაწერებს დაეთანხმნენ.
მმართველი ძალა ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს სუბიექტური სურვილების ნაცვლად, ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ.