15 ივლისი 2025,   02:52
ვრცლად
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება - საგამოძიებო კომისიის წევრები ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ვერ ახსნა

ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში შესვლამდეც იმავეს ამტკიცებდა, რასაც გამოსვლის შემდეგ, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე არაფერი იცოდა. მეტიც, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ შეიტყო, როდესაც საკითხი მედიაში გააქტიურდა.

რატომ არ შეათანხმა გიორგი გახარიამ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება საკუთარ კოლეგებთან? - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ კითხვას პასუხი სამართლებრივად გაეცემა, რადგან პოლიტიკურად ეს არ მართლდება, გახარიას არგუმენტები ფაქტებით არ დასტურდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე პროცესები უკვე ნათლად აჩვენებს სურათს, თუ რატომ დაიკარგა კონტროლი მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე.

გიორგი გახარიას პარტიაში ეჭვქვეშ აყენებენ არათუ ყოფილი მაღალჩინოსნების, არამედ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ჩვენებებსაც. ამტკიცებენ, რომ ტერიტორია არ დაკარგულა და მათმა ლიდერმა 2019 წელს პირიქით, უსაფრთხოების ფაქტორით იმოქმედა.

"გახარიას თავის მართლება არ გამოსდის და ამაზე მისი შეცვლილი ჩვენებები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც მეტყველებს" - აცხადებენ საგამოძიებო კომისიის წევრები, რომელთა წინაშეც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკვე ორჯერ გამოიკითხა, ბოლოს ორი დღის წინ, დისტანციური წესით. მათი თქმით, გიორგი გახარიამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ვერ ახსნა.

მძიმე დანაშაული და საეჭვო გარემოებები - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას 6 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრმა ჩორჩანას ეპიზოდის გამოძიების აუცილებლობაზე ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

გამოძიება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენიმე მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში მიმდინარეობს, რაც საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ადგილობრივებთან ერთად უკვე გამოიკითხნენ თანამდებობის ყოფილი პირები, მათ შორის სუს-ის ყოფილი უფროსი. როდის დაიბარებენ პროკურატურაში გიორგი გახარიას ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. თავად ექსპრემიერი საქართველოში არ იმყოფება, პარტია "საქართველოსთვის" წევრები ვერ აკონკრეტებენ - როდის დაბრუნდება მათი ლიდერი საქართველოში.

დღის ამბები