15 ივლისი 2025,   01:50
ვრცლად
ბარიერგადალახული პარტიების დაპირისპირება არჩევნების წინ - ხაბეიშვილი კოალიცია "ძლიერი საქართველოსგან" არჩევნების ბოიკოტს მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი თავად დიდი ხნის წინ გამოუცხადა და ახლა იმავეს კოალიცია "ძლიერი საქართველოსგან" მოითხოვს.

ლევან ხაბეიშვილისთვის პოლიტიკური რეალობის შეცვლის გზა ქუჩის პროტესტსა და არჩევნების ჩაშლაზე გადის და იმედს იტოვებს, რომ "ლელო" ამ გზას არ გადაუხვევს. ხაბეიშვილს სასაუბროდ "ლელოში" ეპატიჟებიან.

ვიდეომიმართვის ავტორს, ადრესატებმა გამოხატვის ფორმა დაუწუნეს და პირდაპირ უთხრეს, რომ ტონი შესარბილებელია, საჯარო მიმართვა კი უადგილო.

ვიდრე "ლელო" საბოლოო გადაწყვეტილებას გაახმოვანებს, გახარიას გუნდში იმედი აქვთ, რომ სხვების ბულინგი მათზე გავლენას ვერ მოახდენს. ექსპრემიერის პარტია, კრიტიკისა და ზეწოლის მიუხედავად, არჩევნებისთვის უკვე ემზადება.

ოთხი ოპოზიციური პარტიის ორ ფლანგად დაყოფა და ერთმანეთში დაპირისპირება მმართველი გუნდისთვის ოპონენტების დასუსტების დასტურია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას ხალხის ნდობა, და პოლიტიკური წონა უკვე აღარ აქვს.

არჩევნებამდე 3 თვით ადრე 4 ბარიერგადალახული პარტიიდან კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერ მხოლოდ ერთის - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოზიცია დგას.

ავტორი: ნანა გოგატაძე

 
დღის ამბები