
"გერმანიის ელჩი საუბრობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე," - პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი გერმანელი დიპლომატის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს ეხმაურება.
მისი თქმით, გერმანიის მხარდაჭერა და მათი მეგობრული მიდგომა ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი.
"ჩვენ ვისმენთ ქართული ოცნებისგან მუდმივად, რომ ისინი ესაუბრებიან Deep state-ს, აღიარებენ კიდეც, რომ 10 წლის განმავლობაში Deep state რეკავდა სხვადასხვა შემთხვევებში მათთან. შესაბამისად, "ქართული ოცნება" უკეთ გააკეთებს ამაზე კომენტარს, საერთოდ, არსებობს თუ არა Deep state . გერმანიის ელჩი საუბრობს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერა, მათი დახმარება და მათი მეგობრული მიდგომა ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რაც მტკიცდება რიგ პროექტებში, რომლებიც წლების განმავლობაში, გერმანიისგან და სხვა საერთაშორისო აქტორებისგან არის წარმოებული ჩვენს ქვეყანაში," - ამბობს ტატა ხვედელიანი.
პეტერ ფიშერი საათნახევრიან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ელჩი ღიად ამბობს, რომ აქ არა საქართველოს არამედ გერმანიის ინტერესების გასატარებლად იმყოფება. საუბრობს Deep state-ზეც და აცხადებს რომ ის უბრალოდ არ არსებობს.
შეფასება ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა.
"რაც შეეხება ტრამპის Deep state-ს, ის ეხება ღრმა ბიუროკრატიას, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ბიუროკრატია იყო ზედმეტად ძლიერი და მათ შორის, ზედმეტად დიდი ტრამპის აზრით. ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხი და არავითარ კავშირი ამ გლობალური ომის პარტიის ბოდვასთან Deep state-ს არ გააჩნია. ამაზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის ის დიპლომატები, რომლებიც უბრალოდ ინფორმაციას ფლობენ," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.