
დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებიდან 3976 საათი უკვე გავიდა და ევროპის კონტინენტზე ომი ისევ გრძელდება. იცვლება ტრამპის რიტორიკაც. ის, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ხედავს, მას რუსმა კოლეგამ სატელეფონო საუბრის დროსაც დაუდასტურა და უთხრა, რომ გაჩერებას არ აპირებს. საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპისგან სანქციებით მუქარაც მოისმინა.
ვის რა პირობა აქვს ომის დასრულებისთვის? დონალდ ტრამპმა განწყობები ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა. უცვლელია კიევის პოზიცია - ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკისგან იარაღს, რუსეთისგან კი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
სანამ მთავარი ამოცანა შესრულდება, უკრაინა მტერთან გამკლავებას ფრონტის ხაზზე ცდილობს და საპასუხო შეტევებსაც ახორციელებს.
აფეთქებები იყო რუსეთში, ვორონეჟში ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომსა და ჩებოკსარის სამხედრო მრეწველობის ობიექტებზე. უკრაინამ თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. დრონები გამოჩნდნენ მოსკოვშიც.
ომი უკრაინაში უკვე 3 წელია გრძელდება. შეიარაღებული დაპირისპირების დასრულებას შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, უკვე 5 თვეა, უშედეგოდ ცდილობს. მოსკოვმა და კიევმა სამშვიდობო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.