17 ივლისი 2025,   10:13
ვრცლად
როგორი იყო საპარლამენტო საქმიანობის ერთი წელი? შედეგები "კურიერი P.S.-თან" პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა

საგაზაფხულო სესია დაიხურა. საპარლამენტო საქმიანობაც თითქმის დასრულდა. საპარლამენტო არდადეგებს პარლამენტის თავმჯდომარე პარტიულ გეგმებს დაუთმობს. წინ თვითმმართველობის არჩევნებია.

შალვა პაპუაშვილმა "კურიერი P.S.-ს" იმ სივრცეში უმასპინძლა, სადაც საკანონმდებლო ინიციატივებზე წელსაც ბევრს მსჯელობდნენ - კაბინეტში მისი ხშირი სტუმრებიც ძირითადად თანაგუნდელი კანონმდებლები არიან.

არდადეგებზე დახურული სასესიო დარბაზი ჩვენთვის გაიღო, სადაც ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა 2024-25 წლის საპარლამენტო წელი "კურიერი P.S.-თან" შეაჯამა.

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული, ახალი კანონი, რომელიც ამ კედლებში მიიღეს, ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგია - კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" - ჯერ იყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რამდენიმე თვის წინ, ამ დარბაზში მწვანე ღილაკზე თითის დაჭერით ამერიკული კანონის ანალოგიც მიიღეს. ცვლილების საჭიროებას პარლამენტის სპიკერი განმარტავს.

ცვლილებები მაუწყებლობის კანონში - პარლამენტის თავმჯდომარე პირველ შედეგებს უკვე ხედავს - სიახლე ის არის, რომ თუკი ჟურნალისტი პროფესიულ სტანდარტს დაარღვევს, რეაგირება მარეგულირებელ კომისიას დაევალა.

მთავრობის უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკებს - პარლამენტმა ნარკომანიას, როგორც მსოფლიო გამოწვევას მკაცრი კანონები დაუპირისპირა.

სხდომათა დარბაზში ცარიელი სავარძლები - მიმდინარე საპარლამენტო წელმა ოპოზიციის დიდი ნაწილის გარეშე ჩაიარა.

საპარლამენტო წლის გამორჩეული დღე - ისტორიაში პირველად, მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრების მონაწილეობით, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტი აირჩია. ინაუგურაციაც პირველად, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა.

ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი პატრიარქის მიერ გაგზავნილ ბიბლიაზე დადო.

მიმდინარე საპარლამენტო წელი გამოირჩევა იმითაც, რომ ყველაზე მასშტაბური დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. კანონმდებლები წინა ხელისუფლების დროინდელ გახმაურებულ საქმეებს პირადად იკვლევენ. კომისიას სამართლებრივი ბერკეტიც აქვს - მის მიერ მომზადებული დასკვნა კი, შესაძლოა არაერთი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.

პარლამენტი საშემოდგომო სესიას სექტემბერში გახსნის - პრიორიტეტები უკვე ცნობილია - ერთ-ერთი პრემიერის მიერ დაანონსებული განათლების რეფორმისთვის, საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაა.

კიდევ ერთი სიახლე - პარლამენტის რეგლამენტში უკვე შეტანილი ცვლილებებით, მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლი გაიზრდება. საშემოდგომო სესიაზე მინისტრებს და პრემიერს უფრო ხშირად მოუსმენენ.

მალე პოლიტიკურად აქტიური ზაფხული იწყება - პარლამენტის თავმჯდომარეს, წინასაარჩევნო სამზადისთან ერთად, იმედი აქვს, რომ ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებს და, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, წელსაც აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღებს.

დღის ამბები