
ქართული გენი და ხასიათი ამ სამოსელში ცოცხლობს, ქვეყნის ისტორიის თანაზიარია. სამოსელში, რომელმაც თაობები გამოიარა, გაზარდა და ეროვნულ მემკვიდრეობად იქცა.
იმ დროში ყველაფერი შინ იქმნებოდა. ჩვენი წინაპრები შინ რთავდნენ ძაფს, ქსოვდნენ ქსოვილს, შემდგომ კი კერავდნენ ისეთ მომნუსხველ სამოსს, რომელიც დღეს ქართული ეთნოკულტურის განუყოფელი ნაწილია - წარმოაჩენს ეროვნულ ხასიათს, ქართველთა ცხოვრების წესსა თუ ტრადიციებისადმი ერთგულებას, ჩვენი წინაპრების ესთეტიკურ ღირებულებებს.
ორნამენტებში, ნაქარგებში, ფერებსა და აქსესუარებში საუკუნოვანი ტრადიცია, ჩვენი წინაპრების ყოფა სუნთქავს. დრომ რომ შემოგვინახა და ჩვენამდე მოიტანა, ჩვენი იდენტობის მატარებელი სამოსი და სამკაულები საუკუნეებს ითვლის და საუკუნეებზე ყვება.
XVIII სის დასასრულისათვის ქართული სამოსის კომპლექტში აქტიურად მკვიდრდება კაბის სახეობა - ჩოხა, რომელმაც გულისპირზე დაკერებული ქილების წყალობით განსაკუთრებული ორიგინალობა შეიძინა.
ეცვა გლეხსაც და დიდგვაროვანსაც. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქართულ კაბასთან შედარებით, იგი უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იყო. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ჩოხის სხვადასხვა სახეობა, მისი დახვეწილი ფორმები და საბოლოდ ქალის ქართულ კაბასთან ერთად ეროვნული სამოსის სიმბოლოდაც იქცა. ეროვნულ სამოსს დიდგვაროვნები გასაბჭოებამდე ატარებდნენ.
მთისა და ბარის სამოსი ხეთებთან და მიდიელებთანაც იყო დაკავშირებული, მაგალითად, ხევსურული სამოსი ძალიან ჰგავს უძველესი ხეთების შესამოსელს. ყველაზე ძველი - XIX საუკუნის დასაწყისის ხევსური მამაკაცის პერანგია შემორჩენილი.
ჯერ წარსულში დაბრუნდნენ, იქ იმოგზაურეს, მერე ეთნოგრაფიული მასალები შეისწავლეს, ძველს თანამედროვე დეტალებიც შემატეს და ასე ქმნიან სამოსელს.
ნემსი და ძაფი ჩვენმა წინაპარმა 34 000 წლის წინ რომ აიღეს, ამას არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებიც ადასტურებს. ზემო იმერეთში მიაკვლიეს სელის ბოჭკოს პირველ ნაშთებსაც. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ქსოვილები, რომლითაც ქართული სამოსი იკერებოდა, იყენებდნენ ტილოს, ჯვალოს რომ ეძახდნენ, შემდგომ - შალსა და აბრეშუმს. თანამედროვეობაში ჯინსის ქსოვილის გამოყენებაც სცადეს.
ჩვენი წინაპრების სამოსს ამშვენებდა უნიკალური სამკაულები. ხშირად ვერცხლის, ოქროს, სპილენძის ნაკეთობებს ტანისამოსზეც იმაგრებდნენ. ყველა კუთხეს თავისი ორიგინალური ორნამენტი ამშვენებდა.
ტრადიცია თანამედროვეობაში 10 წლის წინ თანამედროვე კომპანიამ გააცოცხლა. სწორედ აქ დაიწყეს იმგვარი სამკაულების დამზადება, რომელთაც ჩვენი წინაპრები იწონებდნენ თავს.
ქართული სამოსისა და სამკაულის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იწყებს. ჩვენი მემკვიდრეობა საქართველოს კულტურის დღეების ღონისძიებაზე გამოიფინება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კი ეროვნული სამოსისა და სამკაულის მუდმივმოქმედი გამოფენა იქნება.
ჩვენი კულტურის ცოცხალი მემკვიდრეობა საქართველოდან კილომეტრების დაშორებით გაცოცხლდება და ქართველი ხალხის საუკუნოვან ისტორიას ეს სამკაულები და ეს სამოსი ყველა ქვეყანაში მოჰყვება.