09 ივნისი 2026,   12:04
ვრცლად
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სეულის საერთაშორისო გამოფენაზე SITF Korea 2026 გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF Korea 2026 მიიღო მონაწილეობა.

სეულში გამართულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორეაში, სეულში, ტურისტულ გამოფენაზე იყო წარდგენილი 10-ზე მეტ ქართულ კომპანიასთან ერთად. კორეული ბიზნესსექტორი გაეცნო ქართული კომპანიების პროდუქტს, ძალიან წარმატებული გამოფენა შედგა.

ვფიქრობთ, რომ ეს ახალი მიმართულება ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ საქართველოში ბევრად მეტი კორეელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფსაც ვუმასპინძლეთ კორეიდან, როგორც ინფლუენსერების, ისე სატელევიზიო გადაცემების მიმართულებით, რაც დაგვეხმარება, რომ საქართველოს ცნობადობა სამხრეთ კორეაში გაიზარდოს“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს შესახებ პრეზენტაციები, შეხვედრები შედგა კორეულ კომპანიებთან და ტურისტულ ასოციაციებთან საქართველოში კორეელი ტურისტების მოსაზიდად და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად.

SITF Korea 2026-ზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა.

SITF Korea 2026-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.2%-ით გაიზარდა.

დღის ამბები