ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი" დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, თეთრ სახლს ავალდებულებს, 180 დღეში დადოს ანგარიში კავკასიის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, საუბარია საქართველოზეც.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი აცხადებს, რომ ისინი დაინტერესებულები არ არიან ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებით საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენის კომენტარებით საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ. ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და ურთიერთობები ხანგრძლივია და არანაირად არ არის დამოკიდებული მესამე ქვეყნებზე. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ამერიკის პოლიტიკას გამოხატავს. ჩვენ ეს არ გვადარდებს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.
ამასთან, ჯო უილსონი ჩინეთის გავლენებს საფრთხედ მიიჩნევს მაშინ, როცა მისივე პარტიის ლიდერი და პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საჯაროდ აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი "კარგი მეგობარია".
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, დოკუმენტი ახლა სენატში გადაინაცვლებს, სადაც კენჭისყრა უნდა გაიმართოს.