09 ივნისი 2026,   13:29
ვრცლად
"გასული 34 წლის განმავლობაში, ჩინეთი და საქართველო თანმიმდევრულად იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს" - ჩინეთის ელჩი

საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ ურთიერთობა გადადის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში. საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთობლივი განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩინეთის ელჩმა.

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34-ე წლისთავი აღინიშნება.  

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს, რომელიც ეფუძნება საერთო გრძელვადიან ინტერესებს. 

"ამ განსაკუთრებულ დღეს ორივე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება. ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი და მომავლის სტრატეგიული არჩევანი. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნდობის მაღალ დონეს, რომელიც ეფუძნება საერთო გრძელვადიან ინტერესებს, ისევე როგორც ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, ვაზიარებდეთ შესაძლებლობებს, ვპასუხობდეთ გამოწვევებს და ერთობლივად ვაშენებდეთ ნათელ მომავალს. გასული 34 წლის განმავლობაში, ჩინეთი და საქართველო თანმიმდევრულად იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური ნდობა, გააფართოვა პრაქტიკული თანამშრომლობა და განამტკიცა ხალხთაშორისი კავშირები. საქართველო არის პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან და ის ასევე არის "სარტყელი და გზის" ინიციატივის ერთ-ერთი ადრეული პარტნიორი. 2023 წელს ჩინეთმა და საქართველომ გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რამაც ორმხრივი ურთიერთობები დააჩქარა.

ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით, მხარეებმა მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოდერნიზების ოქმს, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ინვესტიციებს. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა კვლავ იზრდება და გასულ წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19,5%-იანი ზრდაა.

ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით, 2024 წელს ამოქმედდა ჩინეთ-საქართველოს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება, რამაც გამოიწვია ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა", - აცხადებს ჭოუ ციენი.

 

დღის ამბები