„ჩვენ ვხედავთ, რომ გრძელდება პოლიტიკური ჟონგლიორობა ვიზალიბერალიზაციის საკითხით. ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციამ რატომღაც ჩათვალა, რომ ამ თემაზე დადოს ფსონი თავიანთ უცხოურ მფარველებთან ერთად, ვინაიდან, როგორც ჩანს, სხვა ხავსი რასაც შეიძლება მოეკიდონ აღარ არის. თუმცა აქაც მინდა იმედები გავუცრუო, ვინაიდან სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი არ იცვლება არაფერზე“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს და არც ევროკავშირი და არც მისი მოქალაქეები საქართველოდან რაიმე საფრთხეს, რა თქმა უნდა, არ უნდა ელოდნენ, იქნება ეს უკანონო მიგრაცია, დანაშაულში მონაწილეობა თუ სხვა.
„ამ მხრივ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, მათ შორის, პატივცემულო დეპუტატებო თქვენი მხარდაჭერითაც, ვინაიდან გასულ წელს და წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ, რომლებიც უკავშირდება სწორედ მიგრაციის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ლევან მახაშვილის განცხადებით, 11 ივნისს, ბრიუსელში საკმაოდ საინტერესო, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც ჩვენს უწყებებსაც შესაძლებლობა ექნებათ, რომ ევროკავშირს, ბრიუსელს პირისპირ გადასცენ კონკრეტული მტკიცებულებები სწორედ ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
„სწორედ აქ და ისევე, როგორც ამ სავიზო დიალოგის შემდგომ რამდენიმე შეხვედრაზეც, გამოჩნდება ბრიუსელი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ ამ საკითხების სიღრმეებში ჩავიდეს, თუ უნდა, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე კიდევ რამდენიმე ტექნიკური სპექტაკლი მოაწყოს. ყოველ შემთხვევაში, საქართველო მოწადინებულია და სრული სერიოზულობით ეკიდება ამ საკითხს და ჩვენ, რა თქმა უნდა, შევცდებით, განსხვავებით ჩვენი რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც ამ თემებით ჟონგლიორობს, ეს პოლიტიზებული საკითხი გადმოვიტანოთ კონსტრუქციულ და საქმიანი განხილვის სფეროში“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, გასული ერთი-ორი კვირის განმავლობაში, ყველამ იხილა სრულიად აღმაშფოთებელი განცხადებები თუ ქმედებები „ზოგიერთი ვითომ ელჩის“ მხრიდან.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს, რომელიც კეთილსინდისიერად და წესიერად ასრულებს თავის დიპლომატიურ საქმიანობას. მინდა მათ ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახით ამ ადამიანებს, ამ ქვეყნებს ჰყავთ გულწრფელი მეგობარი და პარტნიორი. თუმცა, ამ კეთილსინდისიერი დიპლომატებისგან მინდა გავმიჯნო ადამიანები, რომლებიც დიპლომატის საფარქვეშ ატარებენ ფარულ, ვიწრო დღის წესრიგს, რომლებმაც რატომღაც ჩათვალეს, რომ უკვე იციან საქართველოს ისტორია და იდენტობის სიღრმეები. ქართველებს აქვთ ხასიათი, ნაბრძოლები, ნაფიქრი, ნაშრომი, ტკივილი თუ სიხარული და მათ რატომღაც ჩათვალეს, რომ თავიანთი ყალიბით უნდა ჭრან, კერონ და გადაარჩინონ ქვეყანა. მინდა მათ მივმართო - მეგობრებო, თქვენი არც შესაჭრელი, შესაკერი და გადასარჩენი საქართველოს არაფერი არ სჭირს. ერთადერთი, რითაც თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო სამსახური გაუწიოთ საქართველოს, თუ ამისი ინტერესი გაქვთ, ეს არის ის, რომ აცადოთ ამ ქვეყანას მშვიდობიანი, ნორმალური, სტაბილური განვითარება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.