ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, თეთრ სახლს ავალდებულებს, 180 დღეში დადოს ანგარიში კავკასიის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სპეც-სამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, საუბარია საქართველოზეც.
ჯო უილსონი ჩინეთის გავლენებს საფრთხედ მიიჩნევს მაშინ, როცა მისივე პარტიის ლიდერი და პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საჯაროდ აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი „კარგი მეგობარია“. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, დოკუმენტი ახლა სენატში გადაინაცვლებს, სადაც კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მისთვის მთავარია არა გარე ძალების პოზიცია, არამედ ის, თუ რა სჭირდება რეალურად საქართველოს
"საქართველოს და მის გამოწვევებს ადარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს? პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან, დიპლომატიურ სიტყვას გაცვლიან ერთმანეთში, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოთა შორის არ არსებობს სტრატეგიულ ინტერესთა სახესხვაობა. ისინი არიან კონკურენტები საერთაშორისო ბაზარზე. ჩემთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი ის ძალები რას, როგორ უყურებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანას რა სჭირდება", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.