09 ივნისი 2026,   16:11
ვრცლად
ყველას მოვუწოდებთ - ოპოზიციას, ალიანსის წევრებს, ამ ბრძოლის მიღმა ნუ დაიტოვებენ თავს, ცარიელი ლაილაი არის "ლუზერობის" ფორმულა - ლაშა ფარულავა

ოპოზიციურ ალიანსი დაიშალა - თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ნაცების" ლოგოს მალე ამოიღებენ. ახლა ხარჯის გაწევა გვეზარება, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, რომელმაც მანამდე მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" დაპირისპირებული პარტიები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი ალიანსის წესებს არ აღიარებს, რის გამოც მასთან შეთანხმება შეუძლებელია.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, "ცარიელი ლაილაი "ლუზერობის" ფორმულაა" და მოუწოდებს ალიანსის წევრ ოპოზიციურ პარტიებს, ბრძოლის მიღმა არ დარჩნენ.

"ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში. ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის ოპოზიციურ სუბიექტებს, ალიანსის წევრებს, რომ ამ ბრძოლის მიღმა ნუ დაიტოვებენ თავს, ვინაიდან ეს ცარიელი ლაილაი არის "ლუზერობის" ფორმულა. ჩვენ გვჭირდება რეალური ერთიანობა და წინააღმდეგობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა", - აღნიშნა ფარულავამ.

კითხვაზე, "ნაციონალური მოძრაობა" რჩება თუ არა ალიანსში, ლაშა ფარულავა პასუხობს, რომ ამ ბრძოლას ჩარჩოები არ აქვს.

"ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ვიქნებით ამ ბრძოლაში და ამ ბრძოლას არ აქვს ჩარჩოები", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, გუშინ, სააკაშვილმა ოპოზიცია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააკრიტიკა, ისაუბრა "ლუზერის" ფსიქოლოგიაზე და კოლეგებს ბრძოლის სტრატეგია დაუწუნა.

დღის ამბები