09 ივნისი 2026,   20:57
ვრცლად
პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა.


პლენარულ სხდომაზე 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 104 მილიარდ 598 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 12.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, მშპ-მ კი ერთ სულ მოსახლეზე 10 296 აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

მისივე თქმით, 2025 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირი იყო. გასულ წელს მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა.
გიორგი კაკაურიძემ გადასახადებიდან, გრანტებიდან და პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზეც ისაუბრა.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ საუბრისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ჯამში 100.7%-ია.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 27 მილიარდ 723 მილიონ ლარზე მეტი, რაც გეგმური მაჩვენებლის 99.2%-ია.

საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წევრები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ გაეცნენ. მოხსენება საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა წარადგინა.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციას.

 

დღის ამბები