09 ივნისი 2026,   22:21
ვრცლად
14 წლიანი მშვიდობის და ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორი და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ნავიგაცია გლობალურ კრიზისებში - როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში

14 წელია ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნისა და ავტოკრატიული მმართველობის არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ აქტორის თავდასხმის ობიექტია, ვისაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გეზის შეცვლა სურს - მთავრობის მეთაურმა, დღეს, ოპონენტების დაუსაბუთებელი ბრალდებების საპასუხოდ, საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ მმართველობასა და პოლიტიკურ პროცესზე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის როლზე დეტალურად ისაუბრა. ხელისუფლების ყველა შტოს დამოუკიდებელი საქმიანობს წინაპირობა, ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ივანიშვილის მიერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 2012 წელს სარჩევნო ბრძოლაში შესვლამ და გამარჯვებამ მოიტანა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ალღო, გამოცდილება და პოზიტიური მანევრირების უნარი გახდა მმართველი პარტიის უკვე 10 არჩევნებში გამარჯვების წინაპირობა, რაც მის რჩევას და კონსულტაციას განუზომლად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელისუფლებო გუნდისთვის.

დემოკრატიული პროცესისა და სუვერენიტეტის აღდგენის სრული გარანტი რომ თავად იქნებოდა - ბიძინა ივანიშვილმა ამის პირობა უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ღიად და საჯაროდ 2024 წლის არჩევნების წინაც დადო. მაშინ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს, ზეწოლის, სანქციების პირდაპირი და ირიბი მუქარის, შანტაჟისა და უსამართლოდ მოქცევის მიუხედავად, ივანიშვილი პერსონალურ ინტერესებზე მაღლა ეროვნული ინტერესების დაყენებას დაჰპირდა და რეგიონში ომების ფონზე ქვეყანას განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის რჩევა და გამოცდილების გაზიარება რომ მმართველ გუნდს, პოლიტიკურ ოპონენტებზე ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ აყენებს - სახელისუფლებო გუნდი ამას ნამდვილ პოლიტიკურ ბონუსად მიიჩნევს. ივანიშვილისა და მისი ოჯახის თავდადება წლებია საქართველოს სტაბილური განვითარების შანსს უნარჩუნებს და მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს სძენს. შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, გადაწყვეტილებების მიღების დროს, მისი ჩართულობა და კომპეტენცია მმართველი ძალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ფუნქციებში მიუხედავად პარტიული წესდებაში მკვეთრად გაწერილი უფლებებისა, ოპოზიციას დღეს მაინც ეჭვი შეაქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, მის მიერ ჩამოყალიბებულ პარტიაზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

სწორედ ოპოზიციის კომპეტენციის არარსებობას და ამით გაჩენილი ცდუნების რისკებს დაუკავშირა ბიძინა ივანიშვილმა 2023 წელს პოლიტიკაში შემობრუნების გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ მკვეთრად შეიცვალა მიდგომები და მოხერხდა არსებული ხარვეზების სრული აღმოფხვრა. დღეს საქართველო ყველა რეიტინგში გამჭვირვალობისა და მთავრობის ეფექტურობის კუთხით ლიდერობს, რაც ივანიშვილის კვალიფიციური რჩევებისა და კონსულტაციების პირდაპირი შედეგია. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით ისიც კიდევ ერთხელ თქვა, რომ სწორედ ივანიშვილის პოლიტიკურმა თავდადებამ შექმნა საქართველოში დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა. რაც, პროგრესირებად ეკონომიკაში ყოველწლიურად აისახება.

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის პოსტს 2023 წლიდან იკავებს. პარტიის დამფუძნებლის წინააღმდეგ საზოგადოებამ, 14 წლის განმავლობაში, არაერთი საგარეო და საშინაო შეტევა იხილა. მოგებული საერთაშორისო არბიტრაჟების მიუხედავად უკანონოდ გაყინული აქტივების, შანტაჟისა და მუქარის მიუხედავად, ივანიშვილი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში საკუთარი როლის შესრულებას კვლავ განაგრძობს.

დღის ამბები