ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მადრიდი, ევროპის არაერთი პოლიტიკური დედაქალაქი და, რა თქმა უნდა, ვაშინგტონი - როგორც ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან დაახლოებას, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასა თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობს, შტატებში ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის ნეგატიურ გავლენებზე საუბრობს და თბილისს პეკინთან ურთიერთობის გამო ისევ თავს ესხმის. კონგრესის ქვედა პალატას უკვე წარუდგინა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტიც", რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.
ამერიკელი კონგრესმენი ოფიციალური პეკინის გავლენებს საფრთხედ იმ ფონზე მიიჩნევს, როდესაც თავად შეერთებული შტატები ჩინეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 414 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უფრო მეტიც, კონგრესმენ უილსონის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინელ კოლეგას მეგობრობა მთელი მსოფლიოს წინაშე სულ ახლახან - 14 მაისს - დაუდასტურა.
დონალდ ტრამპი მიმდინარე წელს ოფიციალური პეკინის ერთადერთი სტუმარი არ ყოფილა. მხოლოდ 2026 წელს ჩინეთმა 23 ქვეყნის ლიდერსა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირს უმასპინძლა - მათ შორის კანადის, ბრიტანეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებს, ასევე გერმანიის კანცლერს. მანამდე პეკინში იმყოფებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და ევროკავშირის ლიდერები - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი. ყველას პოზიცია ერთი იყო - პეკინთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კი ოფიციალური თბილისისთვის საკმარისი საფუძველია, თქვას, რომ მსოფლიო ლიდერების მისწრაფებების ფონზე საქართველოზე თავდამსხმელი უილსონის განცხადებები არასერიოზულად გამოიყურება.
ქართულ-ჩინურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ცალკეული კონგრესმენების განცხადებებით არ ინტერესდება პეკინის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში. ჩინეთის ელჩის თქმით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მესამე ქვეყანაზე დამოკიდებული არ არის.
უილსონის განცხადებები ადარდებთ და აინტერესებთ პარტნიორი კონგრესმენის ინტერესების დამცველ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს. თუმცა კითხვაზე - რატომ არის ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობა პრობლემა, თუ მთელი მსოფლიო პეკინში გამგზავრების რიგში დგას - ხელისუფლების ოპონენტებს კონკრეტული არგუმენტი არ აქვთ.
სწორედ ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების მორიგ ლობისტურ შეთანხმებას უკავშირებენ ამერიკელი კონგრესმენის გააქტიურებას სახელისუფლებო გუნდში. მმართველი პარტიისთვის მკაფიოა მიზანიც - გარე თუ შიდა ძალებს თბილისისა და ვაშინგტონის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პროცესის დაზიანება ცრუ აღქმების გავრცელებით სურთ.
წარმომადგენელთა პალატაში მიღებული კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელ ჯო უილსონთან ერთად დემოკრატი სტივ კოენია. დოკუმენტი, რომელსაც კენჭი სენატმა უნდა უყაროს, სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, 180 დღეში წარადგინოს ანგარიში კავკასიის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.