საერთო ლოგოზე ცარიელი კვადრატი ახალი წევრებისთვის დატოვეს, თუმცა ერთიანობის ფარდას ამოფარებულებმა ძველების შენარჩუნებაც ვერ შეძლეს. ცხრიანი რვიანად იქცა, ერთ ცარიელ კვადრატს მეორე დაემატა და ასე, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ერთობას სააკაშვილის გუნდი გამოაკლდა. ოპოზიციის პოლიტიკური ბედის ბორბალი ისევ დატრიალდა - ერთობის დეკლარაციიდან დაშლამდე კი, მხოლოდ სამი თვე აღმოჩნდა საკმარისი.
ის, რაც თამარ ჩერგოლეიშვილს არასდროს ეზარება, სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების კრიტიკაა. "მფრინავი მაიმუნი," "დელუზიური ახირებების ტყვეობაში მყოფი", "ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი", "ხბომადიდებელი ბანდერლოგები" - ამ ეპითეტების შემდეგ, ავტორისა და ადრესატების ერთი მაგიდის ირგვლივ, ერთმანეთის პირისპირ დაჯდომა რთული წარმოსადგენია, თუმცა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ხავსს ეჭიდება და ჯიუტად მაინც ამტკიცებს, რომ საერთო ლოგოზე მათი ადგილი არ დაუკარგავთ.
როგორც ჩანს, ჩარჩოში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ყველა ჩაეტია. არადა 3 თვის წინ საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ. იყო ხმამაღალი განცხადებები რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება პოლიტიკურ რეალობას შეცვლიდა, თუმცა ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ე.წ. ალიანსში ბზარი მალევე გაჩნდა. ერთობის გამოცდა ოპოზიციამ, ვერც ამჯერად ჩააბარა.
ალიანსს მიღმა "ნაციონალური მოძრაობა" ციხეში მყოფმა ლიდერმა დატოვა. სააკაშვილი შეთანხმების წესებს, ჯერ წერილებით არღვევდა, შემდეგ კი საბრალდებო სკამიდან გაკეთებული განცხადებებით, როცა ოპოზიციას ბრძოლის სტრატეგია დაუწუნა და მათ ლუზერობაზე მიუთითა. ადრესატებიც პასუხმაც არ დააყოვნა.
ყოფილი და მოქმედი ნაციონალების საბოლოდ დაშლა, ლოგიკური დასასრულია მმართველი გუნდისთვის. პოლიტიკური გამოცდილება და უახლესი წარსული აჩვენებს, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანების ფინალი, პოლიტიკური გზების გაყოფით სრულდება. ამის მიზეზი კი ქართული ოცნებით თქმით, ერთია- რომ ოპონენტები არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი აქტორების ინტერესებით მოქმედებენ.
დროებით გაერთიანებულ და უკვე დაშლილ ოპოზიციაზე დღეს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყოფილი და მოქმედი ნაციონალების მსგავსი პოლიტიკოსების ადგილი, ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ არის.
3 თვის წინ გაერთიანდნენ, 2 თვე ნახევარი დაპირისპირებაში გაატარეს, დღეს კი ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ალიანსი საბოლოოდ დაიშალა.
ავტორი: ნანა გოგატაძე