09 ივნისი 2026,   23:06
ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა - პრემიერ-მინისტრი თითქმის 50%-იან მატებას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ინვესტორების მზარდ ინტერესს უკავშირებს

271 200 000 ამერიკული დოლარი, ასეთია 2026 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 47,7 %-ით მეტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, ორი კომპონენტით არის გამოწვეული - სააქციო კაპიტალისა და ვალის ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა - გაერთიანებული სამეფო - 52.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც უცხოური ინვესტიციების 19.3 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა აშშ - 47.5 მლნ. დოლარით. პროცენტული მაჩვენებელი - 17.5 %.

მესამე ადგილზე კი, ნიდერლანდები - 29.2 მლნ. აშშ დოლარით - 10.8%.

სამივე უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის - 47.6 პროცენტს შეადგენს.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა და 125.1 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. 48.8 მილიონი დაგროვდა უძრავი ქონების სექტორში. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში კი, ინვესტიციების მაჩვენებელი 37,2 მილიონი დოლარია.

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, თითქმის 50 პროცენტიან ზრდას, მთავრობის მიერ გატარებულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი გამუდმებით მზარდია.

საქართველოში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაითვალა.

დღის ამბები