09 ივნისი 2026,   22:22
ვრცლად
ზელენსკი: როდესაც შტატებს მივმართავდი, მინდოდა მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაზე გადმომეტანა

ვოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისმა წერილებმა, რომლებიც ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეგზავნათ, კონკრეტული შედეგები გამოიღო.

მედიის ცნობით, პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, რომელიც პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებას ეხებოდა და ამ ინიციატივისგან არსებულ მოლოდინებზე.

ზელენსკიმ უპასუხა, რომ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე წერილი გაგზავნა სხვადასხვა ინსტიტუტში, კერძოდ: ევროკავშირში, აშშ-ში - კონგრესსა და ტრამპთან, ასევე პუტინთან.

მან განმარტა, რომ აშშ-სთვის გაგზავნილ წერილში ცდილობდა ვაშინგტონის ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომზე და, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტზე მიეპყრო.

„სხვადასხვა მიზანი მქონდა. მაგალითად, როდესაც შეერთებულ შტატებს მივმართავდი, ნამდვილად მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ მათი ყურადღება თუნდაც ოდნავ, თუნდაც სულ ცოტათი, ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე გადმომეტანა. მე არ მინდა და არ შემიძლია თქვენთან ყველა დეტალის გაზიარება, მაგრამ ჩემს სახელმწიფოს სჭირდება ანტისარაკეტო საშუალებების ძალიან დიდი რაოდენობა“, - განმარტა ზელენსკიმ.

„მე მივიღე შედეგი, თუმცა ამჟამად ვერ გაგიზიარებთ, თუ როგორი იყო ეს შედეგი“, - დასძინა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს წერილი კონკრეტული მიზნით მისწერა, რომელსაც საბოლოოდ ასევე მიაღწია.

„მქონდა მიზანი, როდესაც პუტინს წერილს ვუგზავნიდი, და ვფიქრობ, რომ მივიღე სასურველი შედეგი“, - თქვა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას.

ამასთანავე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ წაიკითხა ზელენსკის ღია წერილი და "შეხვედრის გამართვის აზრს ვერ ხედავს".

დღის ამბები