რუსთავი2-ის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს პრეზიდენტი სამაუწყებლო კომპანიაში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების ინიციატივით გამოდის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ საქმე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი2-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, სტანდარტული დავა არ ყოფილა.
პრეზიდენტის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის შიგნით მედიასთან დაკავშირებული შეცდომების გამეორებას ხელისუფლებას არ ურჩევს.
რუსთავი2-ის სტატუს-კვოს შენარჩუნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კრიტიკით შეხვდა. უმრავლესობის ნაწილისგან განსხვავებით, რუსთავი2-ის საქმის მაღალ საჯარო ინტერესზე საუბრობდა გედევან ფოფხაძე. დეპუტატი მოლაპარაკების აუცილებლობის რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.
პრეზიდენტის მოწოდებას საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს, თუმცა ქვეყნის პირველ პირს დამოუკიდებელი ტელევიზიის გადასარჩენად კონკრეტული გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.
საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებამდე რუსთავი2-ის სტატუს-კვოს შენარჩუნებას რეალურად მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორში, თუმცა მათ ნაწილს კითხვები ამ წინადადების სამართლებრივ მექანიზმებზე აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება რუსთავი2-ის საქმეს ყურადღებით აკვირდება.
ავტორი: ანა წერეთელი