პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ ევროსასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მმართველი გუნდის მიერ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის აღკვეთის მაგალითია.
„ფაქტობრივად, არ არსებობს შიდა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტები, რომელიც შეაკავებდა ხელისუფლების უზურპაციის პროცესს და ევროპის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ბოლო ინსტანცია, რომელმაც შეიძლება, საქართველოში დაუდოს ჯებირი ავტორიტარიზმის შემდგომ გაღრმავებას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შაბათის კურიერში რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონეზე მუდმივად განიხილებოდა რუსთავი2-ის საქმე. მან ასევე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლის მიერ რუსთავი2-ის საქმესთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილება „სასამართლო მაფიის“ ჩამოყალიბების ვარაუდს იძლევა. ამასთან გასამკლავებლად კი პოლიტიკური პარტიების ერთიანობას ასახელებს.
„პოლიტიკური სპექტრი განადგურებულია და კარგი იქნება, თუ ის ნელ-ნელა ძალას მოიკრებს და ამ ძალის მოკრების ერთ-ერთი გზა შეიძლება, იყოს ის სოლიდარობა, რომელიც პარტიებმა გამოავლინეს და ის კონსოლიდაცია, რომელიც 11 მარტსაც გამოიხატება თქვენთან ერთობლივი თანადგომის სახით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.