ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთი მძიმეწონიანი დოკუმენტია, რომელსაც რუსთავი 2 სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გასამყარებლად გააგზავნის.
შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. იმ გადაწყვეტილების, რომელიც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 9 მოსამართლემ 6 საათში მიიღო და შედეგად, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
მოსამართლე, რომელმაც სტრასბურგში საქართველოს 9 მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, 64 წლის მალტელი ვინსენთ გაეტანოა. მოსამართლემ საქართველოში სიტყვის ხელყოფის ისეთი საფრთხე დაინახა, რომ ევროსასამართლოს ისტორიაში პირველად ჩათვალა საჭიროდ, სასწრაფოდ შეეჩერებინა, მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებელი ტელევიზიის გარშემო მიმდინარე დავას ეხებოდა.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროსასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლის ერთპიროვნულ პოზიციად შეაფასა. ექსპერტებმა ამ განცხადებაში ევროსასამართლოს დაკნინების მცდელობა დაინახეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სტრასბურგმა 8 მარტს, საქართველოს მთავრობამ თავადვე უნდა აიღოს ინიციატივა და არ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაყვეტილება მანამდე, სანამ დავა სტრასბურგში არ დასრულდება.
ავტორი: ნოდარ მელაძე.