11 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობენ

პარლამენტში დღეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობენ. სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შემსუბუქდება მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები.

ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე იცვლება კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება.

კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.

მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.

„ხდება ლიბერალიზაცია იმიტომ, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის და მეორეს მხრივ სხვა ნარკოტიკებისთვის. კონკრეტულად მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კანონში შედის ცვლილება და ემატება ახალი მუხლი. საუბარია 273-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ცალკე განსაზღვრავს მარიხუანა-კანაფის მოხმარებისთვის გამოყენებულ შესაძლო ღონისძიებებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ნაბიჯები გადადგმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თუმცა როგორც სერგო რატიანი ამბობს, ის არ არის საკმარისი ლიბერალური ნარკოპოლიტიკისთვის.

დღის ამბები