20 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
ხვდებიან, ალბათ, რომ ძალიან სახიფათო ზონაში შევიდნენ - ოთარ კახიძე იუსტიციის საბჭოს ინიციატივაზე

„ხვდებიან, ალბათ, რომ ძალიან სახიფათო ზონაში შევიდნენ, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მომდევნო შეზღუდვას გვიანონსებენ, პრაქტიკულად,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, იუსტიციის საბჭოს ახალ ინიციატივას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების ინიციატივით, მოსამართლის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარი უნდა დაწესდეს.

ოთარ კახიძემ არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გადადგმულიყო მოსამართლეების ავტორიტეტის დასაცავად.

„სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ასრულებს დაკვეთას, ასრულებს ამ დაკვეთას თან ძალიან უნიჭოდ და უხეშად,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.

ოთარ კახიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სასამართლოს იმიჯის ასაწევად დაგეგმილი PR ღონისძიება მიუღებელია და იმიჯს კანონიერი გადაწყვეტილებები აამაღლებს.

„სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ შეწყვიტოს ამ თემაზე დებატები, რომ მოსამართლეს არ უნდა უწოდო ის, რასაც, თუნდაც, ის იმსახურებს... აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ მოსამართლე, რომელიც აკეთებს აბსოლუტურ უკანონობას, რომელიც არღვევს კანონს  და, რომელიც პირდაპირ დაკვეთის შემსრულებლად გვევლინება, უწოდო, გნებავთ, მონა და გნებავთ, სხვა ეპითეტით შეამკო, ვინაიდან ეს არის მწვავე, კრიტიკული შეფასება, მაგრამ ეს არ არის უხამსობა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები