20 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
დაპირისპირება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე - "დემოკრატიული მოძრაობამ" მმართველ გუნდს მიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში ხმაურით მიმდინარეობს. დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია და დარბაზში მყოფი დემოკრატიული მოძრაობის წევრები გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას აპროტესტებენ.

„როგორ მიიღებდით თქვენ ასეთ კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური ბლოკები და პარტიებისთვის გაძლიერების საშუალება წინასაარჩევნოდ მოისპოს, თან არ უნდა ჩამოიწიოს ბარიერი, ეს რომ გაეკეთებინა აქ მსხდომ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის არჩევნების წინ?“- მიმართა გიორგი ახვლედიანმა ირაკლი კობახიძეს.

შეკრებილებს მიმართა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„სახელმწიფო მართვის პოლიტიკური მოდელი არც ხელისუფლებას, არც საკონსტიტუციო კომისიას არავისთან შეუთანხმებია, რომ ქვეყანა უნდა საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკა. ავტოკრატად წოდებულმა ერდოღანმაც კი, საკონსტიტუციო რეფორმა რეფერენდუმით დაიწყო,“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განცხადება გააკეთა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს წევრმა, გიორგი აჩბამ.

„ვხედავ ფრიად საპატივცემულო საზოგადოებას, ესენი არიან პედაგოგები, მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წარმომადგენლები. მეგობრებო ხომ არ დაგავიწყდათ საკონსტიტუციო განხილვაზე ვიყენებთ იმ რესურსს და ვაცდენთ ამ ხალხს იმისთვის, რომ მათ სამსახურები მივატოვებინეთ,“ - განაცხადა გიორგი აჩბამ.

ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ მიზანშეწონილია, რომ შეკრებას თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ამოცანა არის, რომ ყველამ ერთად ყველა საკითხზე, რომელიც კონსტიტუციას ეხება, ვისაუბროთ, მათ შორის ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ შეკრებას ესწრებოდნენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

დღის ამბები