19 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
„დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს,“ - ირაკლი აბესაძე

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს,“ - ეს განცხადება  ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე გააკეთა, რომელიც ჩოხატაურში ამ წუთებში იმართება.

აბესაძე ახალი რედაქციის თანახმად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების გზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ  არსებული შემოთავაზების მიხედვით, პარტია, რომელიც დაბალ პროცენტს მიღებს, მაგრამ პირველ ადგილს დაიკავებს, მას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალება ეძლევა. 

„შემოთავაზებული ვერსია იძლევა, თუნდაც  თეორიულ, მაგრამ შესაძლებლობას, ძალიან დაბალი პროცენტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლის გამო, პარტია ფლობდეს  მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობასაც კი," - აღნიშნავს აბესაძე. 

ირაკლი აბესაძემ უმრავლესობის წევრს არჩილ თალაკვაძეს მიმართა და შეახსენა, რომ საქართველოს არასდროს ჰყოლია ხელისუფლება, რომელმაც 50%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა. 

„დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს სამწუხაროდ. არასდროს ხელისუფლებაში არ ყოფილა პარტია, რომელმაც 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. რაც შეეხება სისტემას, ჩვენ გამოდის ვთანხმდებით, რომ სისტემა არსებითად იძლევა შესაძლებლობას, თუნდაც იმ 20%-ის ან მეტი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალი ბონუსი მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ,“ - ამბობს აბესაძე. 

ირაკლი აბესაძე არასწორ არგუმენტაციად აფასებს იმ მაგალითებს, როდესაც მისი თქმით, ხელისუფლებას 5 %-იანი ბარიერის გასამართლებლად  სხვა ქვეყნების მაგალითი მოჰყავს, რადგან, როგორც აბესაძე ამბობს იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს 5 %-იანი ბარიერი, მანდატები ნაწილდება პროპორციულად, ყველა გასულ პარტიაზე. 

 

დღის ამბები