19 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
ოპოზიციაში იური ლუჟკოვის საქართველოში შემოშვებას "დანაშულს" უწოდებენ

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ოპოზიციაში აფასებენ. პოლიტიკოსების აზრით, რუსი პოლიტიკოსის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ხელისუფლება ინფორმირებული უნდა ყოფილიყო და შესაბამისმა უწყებებმა კანონი უნდა აღასრულონ და იური ლუჟკოვი დააჯარიმონ, რადგან ის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენჯერმე იყო ოფიციალური ვიზიტით ჩასული. 

„ლუჟკოვის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ის არ არის რიგითი ვიზიტორი და დარწმუნებული ვარ, არც მარტო ეკლესიიდან ეკლესიაში სასიარულოდ და სალოცავად არის ჩამოსული,“ - განაცხადა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეკა წამალაშვილმა.

ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ იური ლუჟკოვის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვება დანაშაულია.

„ბატონი ლუჟკოვი წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, იყო ერთ-ერთი აქტიური მედროშე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის. ერთ-ერთი აქტიური მედროშე იმისა, რომ იქ არასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები და არ აღიდგინონ საკუთრების უფლებები. მას საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში, იგი არა ერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავისთავად, მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები