23 აპრილი 2024,   20:01
ვრცლად
ხმაური საკრებულოს სხდომაზე - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ენმ-ს დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისის საკრებულომ თბილისის ზღვის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა თუმცა, სხდომა სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოში თბილისის ზღვის განაშენიანების საკითხზე მსჯელობისას თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ნუგზარ მალაღურაძემ, ენმ-ს წევრ მარინა დათუკიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ძალიან ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი და ისინი ამ საკითხზე მსჯელობის გადავადებას მოითხოვდნენ, რამაც უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციის წევრების თქმით, განაშენიანების გეგმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ.  

თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებში ასახული განაშენიანების პარამეტრები გენგეგმის ჯგუფის მოთხოვნას სრულად არ აკმაყოფილებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე, დასამტკიცებელი გეგმის ზონალურ საბჭოში ხელახლა გადაგზავნას "დროის ტყუილ ფლანგვად" მიიჩნევს. მისი თქმით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა, რომ ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება საკრებულოს წინა სხდომაზე არ ყოფილა.

„როდის იქნება გენგეგმის პირველადი ვარიანტი წარმოდგენილი და რატომ ვჩქარობთ? რაღაც შთაბეჭდილებას სტოვებს, რომ ძალიან გეჩქარებათ, დროზე დაასწროთ გენგეგმის ჯგუფს, დროულად გასცეთ ეს ნებართვები, რომ იქნებ მერე იმ გენგეგმის ჯგუფში თქვენი ინტერესები და  კონკრეტული პირების ინტერესები ვეღარ ჩადოთ,“ - აცხადებს მარინა დათუკიშვილი. 

დღის ამბები