20 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
იუსტიციის საბჭომ რამდენიმე გახმაურებული საქმის მოსამართლე უვადოდ გაამწესა

საქართველოს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციას დღეს 70-ზე მეტი მოსამართლე შეემატა, ნაწილი უვადოდ, ნაწილი კი 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. რუსთავი 2-ისწარმომადგენლებმა ჩინჩალაძე სამაუწყებლო კომპანიის საქმეში ჩარევისა და ხელისუფლების ინტერესების გატარების გამო, საჯაროდ რამდენჯერმე დაადანაშაულეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ოთარ სიჭინავა, გამოსაცდელი ვადის გარეშე, დღეიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაამწესეს. მის მიერ განხილულ საქმეებს შორისაა ე.წ. კაბელების და გიგი უგულავას საქმეები, ასევე რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელიც.

რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ამ გასაუბრების შედეგად, იუსტიციის საბჭომ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შორენა ყაველაშვილის ხელახალი ვადით გამწესების გადაწყვეტილება მიიღო.

იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ის მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესის გადადებას მოითხოვდა.

დღეს დანიშნულ მოსამართლეებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე გვარი ვერ მოხვდა. მოსამართლეები ვერ გახდნენ მოქმედი პროკურორები - რევაზ ნადოი და მაია ჯვარშეიშვილი. ასევე, სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია.

დღის ამბები