25 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში - ოპოზიცია გადაწყვეტილებას დაგვიანებულს უწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იური ლუჟკოვი შავ სიაში შეიყვანა. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ვეღარ ჩამოვა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა გააკეთა. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში არ იყო შეყვანილი, რამაც მისი ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლა განაპირობა.

„მოგეხსენებათ, სპეციალური სია არის, რომელშიც არის მოცემული ასეთი ადამიანები და ბუნებრივია, რომ ამ ეტაპზე, რაც მოხდა, შეიძლება თავის დროზე არ იყო შეტანილი სიაში და ჩვენ შევიტანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის უწყების განცხადებას ოპოზიცია დაგვიანებულს უწოდებს.

„მათ მაამებლური პოლიტიკის ფარგლებში არ შედის ის, რომ ლუჟკოვი, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კანონი ოკუპაციის შესახებ, რეალურად იმ სანქციების ქვეშ მოყვეს, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს, ასე რომ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, როგორც ჩანს, ახლა იპოვეს ამ ტიპის გამოსავალი,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მდივანმა თინა ბოკუჩავამ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე, იური ლუჟკოვის ე.წ. შავს სიაში შეყვანას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს გაცილებით ადრე უნდა გაკეთებულიყო. 

„ძალიან უცნაურია. ჯერ ერთი, ის არ იყო შავ სიაში და მეორე, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა, როგორ მოხდა მისი შემოშვება. ასევე უცნაურია, როგორ მოხდა მისი დახვედრა აქ სხვადასხვა შესაბამისი ადამიანების მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი შეყვანა შავ სიაში კარგია, თუმცა ეს უნდა ყოფილიყო გაკეთებული ძალიან ადრე,“ - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები