19 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ნაგებობების აგება - შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

ოსური მხარე ე.წ. საზღვრის გასწვრივ ახალი საინჟინრო ნაგებობების აგებას გეგმავს. ერგნეთის შეხვედრის შემდეგ ოსური მხარის წარმომადგენლის, დავით სანაკოევის, განცხადებას ქართული მხარე კრიტიკულად აფასებს.

მმართველი გუნდი დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს და აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ფაქტზე აცნობებენ.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს მთავრობა დეოკუპაციასთან დაკავშირებით პრაგმატული პოლიტიკას გააგრძელებს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დააფიქსირებს ამ საკითხს.

„საქართველოს ხელისუფლება, ბუნებრივია, გააგრძელებს დეოკუპაციასთან დაკავშირებულ მოქმედებებს, პრაგმატულ პოლიტიკას,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

თუმცა, ოპოზიცია სახელისუფლებო უწყებებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სათანადო პოლიტიკის ვერგატარების გამო აკრიტიკებს და მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენებისკენ მოუწოდებს.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ ამ უკანონო ქმედების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო თანამეგობრობას,“ - განაცხადა ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კანდელაკმა.

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე ქართულ ოცნებას რუსული ოკუპაციის მიმართ შემგუებლური პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

„ეს არის მორიგი სამწუხარო შედეგი იმ შემგუებლური და პასიური პოზიციის, რომელიც რუსული ოკუპაციის მიმართ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიჭირა, თითქოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დარეგულირების ნაცვლად რუსეთი ყოველდღიურად აქეზებს და თავადაც დგამს ანექსიისკენ არაერთ ნაბიჯს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები