19 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
ლაშა თორდიას დაკითხვის შეწყვეტის შემდეგ პროკურორმა პირველი კომენტარი გააკეთა

გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაკითხვის შეწყვეტის შემდეგ პროკურორი ზაზა დათუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით გამოძიებამ მიიღო თორდიასგან ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, თუმცა პროკურორს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ზაზა დათუაშვილი ასევე არ საუბრობს იმის შესახებ მოხდა თუ არა ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, რომელსაც ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს. გამოძიება ასევე არ აკონკრეტებს დევს თუ არა საქმეში იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც შარდენზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძება, ჯერჯერობით ვერაფერს საინტერესოს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგაწვდით და ვერ გაგიმხელთ,“ - განაცხადა პროკურორმა, ზაზა დათუაშვილმა.

ამ დრომდე უცნობი რჩება გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე და შეიცვლება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი სხვა მუხლით. გამომძიებელმა ამ შეკითხვაზე პასუხსაც თავი აარიდა.

 „დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ლაშას დაკითხვა და შემდეგ უკვე, ექიმის რჩევით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვინაიდან აუწია არტერიულმა წნევამ, შეწყდა და ეს დაკითხვა დროებით და არ ვიცი როდის გაგრძელდება, სავარაუდოდ ხვალ,“ - განაცხადა ლაშა თორდიას მეუღლემ, მაია ირემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურ აუდიტორს გამომძიებელი დღეს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში კითხვადა.

დღის ამბები