19 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დასრულდა - მხარეები პრინციპულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ

რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის სახალხო განხილვა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დისკუსია შელაპარაკებებისა და რეპლიკების ფონზე დაგეგმილზე მეტხანს, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ძირითადი აქცენტი ამჯერადაც პრეზიდენტის არჩევის წესზე, სასამართლო და საარჩევო სისტემებზე გაკეთდა.

დამსწრე საზოგადოების ნაწილმა საქართველოს ტერიტორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების საკითხიც წამოწია.

„იყო უამრავი საკითხი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, მიწის საკითხი არის ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, შესაბამისი ჩანაწერი ემატება საქართველოს კონსტიტუციასაც და გარდა ამისა, მზადდება სპეციალური კანონი, რომლითაც მოხდება ამ საკითხის რეგლამენტაცია ისე, რომ იყოს დაცული ჩვენი, როგორც ეკონომიკური ინტერესები, ასევე ეროვნული, სუვერენული ინტერესები,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას პოლიტიკოსებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც ესწრებოდნენ. ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში, მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდთან რამდენიმე ძალიან პრინციპულ საკითხზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხდა და უკანასკნელი იმედი ვენეციის კომისიაა.

„სამწუხაროდ, ძალიან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კვლავ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები. ეს ეხება პარლამენტის არჩევის სისტემას, ასევე, პრეზიდენტის არჩევის სისტემას. რეალისტები რომ ვიყოთ, ალბათ ბოლო იმედი არის ვენეციის კომისია. იმედი გვაქვს, რომ ვენეციის კომისია იმ უსამართლო სისტემასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს და ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ ცუდ სისტემას, როგორიც დღეს არის წარმოდგენილი,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები