19 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს - ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს მიმართავს

საქართველოს მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია, ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებას პასუხობს.

ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც ლაშა თორდია მასზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს, ცოტა ხნის წინ წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ის მომხდარში ლაშა თორდიას ადანაშაულებს.

პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში, მთავარმა აუდიტორმა ოთარ ფარცხალაძეს ნარკოლოგიური ტესტის გავლაც შესთავაზა.

„2-დღიანი ფიქრის შემდგომ ბატონმა ოთარმა დაისახა სტრატეგია, რომ გამომაცხადოს პათოლოგად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. საზოგადოებას ჩემი სიმთვრალით შეწუხებული თუ არის, შეუძლია თქვას. გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უარვყოთ, ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს. მე თუ პათოლოგი ვარ საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს, ეს არის ნარკოტიკები და მისი სახის გამომეტყველებას ელ ცენტროში ადასტურებდა ამ ფაქტს,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს მილიონობით ქონება თბილისის მერიის დამსახურებით აქვს. ლაშა თორდიას აზრით, პროკურატურა ფარცხალაძესთან ათანხმებს გზას, თუ როგორ გამოიყვანონ ის ამ მდგომარეობიდან.

„კონსულტაციაში არიან ერთმანეთთან, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ საქმიდან გამოძვრნენ, ამას უკვე ვატყობ, პირველი ნიშანი არის სწორედ ეს განცხადება,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ის დარწმუნებულია, რომ ამ დღეებში პროკურატურა მცირე ინციდენტის ვიდეომასალას გამოაქვეყნებს, რომელიც მას ერთი წლის წინ გადახდა და ამაზე დაფუძნებით განაგრძობენ მტკიცებას, რომ ლაშა თორდია პათოლოგი ლოთია.

ის ამ მასალის გამოქვეყნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ითხოვს, რომ 12 მაისს, მასზე მომხდარი თავდასხმის ვიდეოც გამოაქვეყნონ.

დღის ამბები