24 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
პრეზიდენტის შვილის კიდევ ერთი მეგობრის დაკავება - თორნიკე კაჭარავა პოლიციის სამმართველოშია

საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ, რუსთავი 2-ს პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა განუცხადა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით თორნიკე კაჭარავა პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.

„ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემ მეგობარს უპირებდნენ ჩადებას, თორნიკე კაჭარავას და დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაც ფხვნილი თუ რაღაც წამალი, არ ვიცი ჯერ ზუსტად არ არის გარკვეული და ველოდებით, რომ გვეტყვიან რა. რეალურად არაფერი არ ჰქონდა, ზუსტად ვიცით ყველამ და როგორც მოგვდიოდა ხმები ისე ვაკეთებდი განცხადებას,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

თორნიკე კაჭარავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მისმა ბიძამ მამუკა ტყეშელაშვილმაც.

 „პარალელურად, თურმე შესულან ჩემს სახლში, სახლი გაუჩხრეკიათ უნებართვოდ, არც არაფერი წარუდგენიათ, სახლის პატრონი მე ვიყავი, იცოდნენ. თვითონ ვყავდი დაკავებული, სხვა განყოფილებაში ვიყავი. ახლა ფიქრობენ ალბათ, რამდენი კაკალი ჩაუდონ ალბათ. ჩვენ არ დაგვანახეს, მაგრამ დაკავება სავარაუდოდ, საავადმყოფოს ეზოში მოხდა,“ - განაცხადა მამუკა ტყეშელაშვილმა.

 კაჭარავას უფლებადამცველი აცხადებს, რომ დაკავებულისთვის უცნობია, რომელ ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი. 

„გამომძიებელმა განმარტა, რომ რაღაც ფხვნილზეა საუბარი, თუმცა არ იცოდა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. აქედან გამომდინარე, უშუალოდ ბრალდებულისთვის საერთოდ უცნობი იყო და ჩემგან გაიგო ის, რომ სავარაუდოდ, შესაძლებელია იყოს ნარკოტიკული საშუალება, თუმცა რომელი ნარკოტიკული საშუალება შეიძლება იყოს, ეს მისთვის უცნობია,“ - განმარტავს ადვოკატი კახაბერ პაპავა.

იმის შესახებ, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში 21  მარტს  გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა. 

 

 

დღის ამბები