19 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" დახურული სხდომა დასრულდა - საყოველთაო განხილვების ჩატარების ფორმატი ხვალ გახდება ცნობილი

პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების დახურული სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს, სავარაუდოდ მათ შორის ერთ-ერთი საკითხი დღევანდელი ჩაშლილი სხდომის შემდეგ საჯარო განხილვების სამომავლო ფორმატია. თუმცა, რა ფორმით გაგრძელდება საკონსტიტუციო განხილვა ინფორმაცია ხვალ გასაჯაროვდება.

ქართული ოცნების წევრებმა დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე იმ 8 დეპუტატზეც ისაუბრეს, რომელთა ხელმოწერაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე არ ფიქსირდება. აღნიშნული დეპუტატების ნაწილის თქმით, ისინი მივლინებაში იმყოფებოდნენ და ეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.

თუმცა, უმრავლესობაში არსებით საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების ქონას არ გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, დღეს ჩაშლილ საკონსტიტუციო განხილვებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ დახურულ სხდომაზე სწორედ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე, კი განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთლიანობაში გუნდის გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა, პირადად, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე არ არის.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა მათი განსხვავებული პოზიციების ნაწილი გაითვალისწინა. პარლამენტარი იმედოვნებს, რომ დარჩენილ საკითხებს ქართული ოცნება საპარლამენტო განხილვისას გაიზიარებს.

დღის ამბები