საქართველოს პრეზიდენტი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ, გააკეთა.
მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მომხდარის გამო შეშფოთებულია და საგამოძიებო უწყებებს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ გამოძიების პროცესის გაჭიანურება საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობას.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ექმნებათ დაუცველობის განცდა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმა ხორციელდება.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია. კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ.
"პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე, საფრთხე შეექმნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ეფექტურ ფუნქციონირებას და მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა მაშინ, როდესაც მაღალი თანამდებობის პირზე ხორციელდება ფიზიკური თავდასხმა და ანგარიშსწორება,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.