საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის, მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან მისი მეგობრისთვის ნარკოტიკის ჩადებას ეხება.
ეკა მიშველაძე ამბობს, რომ ანა მარგველაშვილი მეგობრის დასაცავად საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს.
„ანა მარგველაშვილი არის ზრდასრული ადამიანი და ის თავისი მეგობრის დასაცავად, თავისი შეხედულებებისამებრ მოქმედებს. დეტალებზე ვერ გავაკეთებთ განცხადებას,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სამართალდამცავებმა ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
როგორც ანა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს.
„ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემ მეგობარს უპირებდნენ ჩადებას, თორნიკე კაჭარავას და დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაც ფხვნილი თუ რაღაც წამალი," - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.