25 აპრილი 2024,   08:31
ვრცლად
სავარაუდო კორუფციული გარიგება - ოპოზიცია "ჯორჯიან მანგანეზზე" ფარცხალაძის ინტერესს ხედავს

ჯორჯიან მანგანეზში ხელმძღვანელის შეცვლას ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს. კომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში ოპოზციური პარტიები მთავარ მონაწილედ ყოფილ მთავარ პროკურორს ასახელებენ.

თავად მესაკუთრეები ხელისუფლების მხრიდან ხელმძღვანელის შეცვლას, კერძო კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევად აფასებენ და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სპეციალური მმართველის დანიშვნამდე კი, საწარმო მთავრობის სხვადასხვა უწყების მხრიდან, საერთო ჯამში 200 მილიონ დოლარზე მეტით დაჯარიმდა.

ოპოზიცია ამერიკული კომპანიის წილებით ოთარ ფარცხალაძის პირად დაინტერესებაზე საუბრობს. მთავრობის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ჯორჯიან მანგანეზს უხელმძღვანელებს, ნიკოლოზ ჩიქოვანია. ის იმ საწარმოს მიერ გამოწვეული პრობლემის მოგვარებას აპირებს, რომლის დირექტორიც, რამდენიმე წლის წინ თავად იყო.  

კომპანიის საქმიანობაში სამთავრობო გავლენასა და ხელისუფლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში. დირექტორის შეცვლის წინაპირობად გარემოს დაცვის სამინისტრომ ის დარღვევები დაასახელა, რომლის გამოც, კომპანია არა ერთხელ დაჯარიმდა.

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებმა დაკისრებული ჯარიმების კანონიერების დასადგენად სასამართლოს უკვე მიმართეს. ისინი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ, რომლის შედეგად კომპანიას ახალი მმართველი დაენიშნა. 

დღის ამბები