25 ოქტომბერი 2020,   09:20
ვრცლად
მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოპონენტები სპეკულირებენ, ფარცხალაძის კომპანიამ მერიას სარეკრეაქციო ზონის მოსაწყობად გადასცა - გაგი მოსიაშვილი

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, აცხადებს, რომ ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ოპონენტების სამართლებრივი პოლიტიკური განცხადებებია.

ის არჩევანის ეთერში აღნიშნავს, რომ მერიამ სადაო მიწის ნაკვეთები კომპანიას მანამდე გადასცა, ვიდრე ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში გადავიდოდა აღნიშნული კომპანია.

„მერიამ დააკმაყოფილა 2015 წელს კომპანიის მესაკუთრეების მიერ დაწერილი მოთხოვნა, რომლითაც წერია, რომ დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა და ეს მიწის ნაკვეთი გადაეცეს ამ კომპანიას,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მან აღნიშნა, რომ კომპანია 2016 წელს გადავიდა ფარცხალაძის საკუთრებაში და აქედან გამომდინარე, ადვოკატი „სამართლებრივ ბელეტრისტიკად“ მოიხსენიებს ოპონენტების კრიტიკას.  

გაგი მოსიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიამ, რომელსაც ფარცხალაძე ამჟამად ფლობს, მიმართა მერიას და ეს მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონისთვის გადასცა.

„ამ კომპანიამ, რომელსაც უკვე ამჟამად ფარცხალაძე ფლობს, 4 თვის უკან მიმართა შესაბამის უწყებას, მერიის უწყებას, და მწვანედ მონიშნული ველი გადასცა კომპანიამ სახელმწიფოს საკუთრებაში,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებებს ამ საქმის გამოძიებისკენაც მოუწოდებენ, რათა ამ თემაზე მიმდინარე სპეკულაციები დასრულდეს. 

დღის ამბები