19 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვების მეორე ეტაპი ხვალიდან დაიწყება

საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვების მეორე ეტაპი ხვალიდან დაიწყება. პირველი შეხვედრა მოსახლეობასთან ზესტაფონში იგეგმება. საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები იმ ქალაქებშიც ჩავლენ, სადაც მანამდე არ იმყოფებოდნენ.

დაგეგმილია შეხვედრა პროფესიულ ჯგუფებთანაც. დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა მთავრობა ამჯერად პრევენციული ზომების მიღებას აანონსებს.

„განხილვები იქნება, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე განხილვები იქნება თბილისის რაიონებში, შეხვედრები იქნება პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან, ასე რომ ეს ძალიან მასშტაბურ სახეს მიიღებს და ყველაფერ ამას აქვს ერთი მიზანი, რომ სწორი წარმოდგენა შევუქმნათ ჩვენს საზოგადოებას იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ევროპული საქართველო კვლავ პლებისციტის ჩატარებას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის ერთადერთი გზა მოსახლეობის რეალური აზრის გასარკვევად.

„რამდენი შეხვედრაც არ უნდა ჩატარდეს, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რაც შეიძლება გადავდგათ, თუკი მთავრობა დათანხმდება პლებისციტის ჩატარებას, რასაც ევროპული საქართველო ვთავაზობთ,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დამატებითი შეხვედრების გამართვით, კონკრეტულ შედეგებს არ ელოდებიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის ლიდერების განცხადებით, საყოველთაო სახალხო განხილვები ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ადამიანების მონაწილეობით ტარდება და ის ფარსია.

„ეს რეალურად არის ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელსაც ხელისუფლება ხალხის ზურგს უკან აკეთებს. საკუთარი დაქირავებული ადამიანებით დარბაზებში მას უნდა შექმნას შთაბეჭდილება, საერთო სახალხო განხილვის. ეს არის სპექტაკლი და ფარსი,“ - ამბობს ნიკა რურუა.

თბილისსა და რეგიონებში სულ საჯარო დისკუსიებს 20 შეხვედრა დაეთმობა. პროცესი მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

დღის ამბები