23 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმება - ოპოზიცასა და მმართველ გუნდში ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ

თვითმმართველ ერთეულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან უკვე გაეგზავნათ სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებისთვის საჭირო შეტყობინება. ქართული ოცნების გეგმის მიხედვით, 7 თვითმმართველი ქალაქი 7 სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ინიციატივის მიზანი ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვაა, თუმცა არასამთავრობო სექტორი პროცესის მიღმა თვითმართველობების უფლებების შეზღუდვას ხედავს. თელავის მერი, პლატონ კალმახელიძე, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაერთიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და რუსთავი 2-თან აცხადებს, რომ „რა ცვლილებაც იქნება, იქნება უკეთესობისკენ“.

თელავის საკრებულოს წევრი, ნიკოლოზ ვარდოშვილისთვის კი წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მერმა ხმა ქალაქის თვითმმართველი სტატუსის დაკარგვას მისცეს. თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შეცვლასა და გამგებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ენმ-ის წევრი, ბესიკ ქათამაძე, განმარტავს, რომ მსგავსი ცვლილებები ნეპოტიზმს და კორუფციას უფრო გაზრდის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული გაერთიანების შემდეგ ფინანსების დაზოგვა მოხდება, რაც ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ოპოზიცია კი, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შემთხვევაში ქალაქის ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან იქნება პასუხისმგებელი და არა საზოგადოებასთან, რაც, მისი თქმით, ნეპოტიზმის გაზრდის წინაპირობაა.

ენმ-ის წევრი, გიორგი ბოტკოველი ხელისუფლების გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ როსებაშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიების გატარებით, მომდევნო წლისთვის მუნიციპალიტეტებისთვის გაცილებით მეტი ფინანსური სახსრები გამოიძებნება.

დღის ამბები