20 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
2008 წლის ომი - ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლების თქმით, მოწმეების დაკითხვა გრძელდება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები თბილისში მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის ინფორმაციულ შეხვედრას მართავენ. მათი განმარტებით, მოწმეების დაკითხვა კვლავაც გაგრძელდება, ხვალ ისინი უკვე გორსა და წეროვანში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდებიან.

საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში რესეთ-საქართველო შორის საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს იძიებს.

რუსეთი ამ ეტაპზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც გრძელდება. გამოძიება კონფიდენციალურია და ვიდრე კონკრეტული ადამიანები არ იქნებიან ბრალდებულები, მანამდე მისი შედეგები უცნობი დარჩება ყველა მხარისთვის.

"გამოძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ჩვენ დავიწყეთ ყველა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტების შესწავლით, რომელიც მოვიპოვეთ წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე. ახლა გადავედით იმ ეტაპზე, რომელიც ინფორმაციის შესაგროვებლად თვითმხილველებთან გასაუბრებებს მოიცავს. ამ პროცესს იმდენი დრო დაეთმობა, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან პროკურატურის მოვალეობაა მოიძიოს მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი მოსამართლეებს. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ჩვენთან და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩავრთოთ ამ პროცესში რუსეთი და სამხრეთ ოსეთი, რომ მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ და ამის საფუძველზე ჩვენ შევძლოთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი და მიუკერძოვებელი გამოძიება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ მათ თანამშრომლობისკენ, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ჯერ ვერ დავითანხმეთ,“- განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა, პაკისო მოჩოჩოკომ.

დღის ამბები