ოზურგეთი პირველი ქალაქია, სადაც დეპუტატებმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. თუმცა, მანამდე თვითმმართველობის რეფორმის განხილვა მწვავე კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის გარდა, მოსალოდნელ რეფორმას სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს.
ოზურგეთის საკრებულოში ქალაქის თვითმმართველობისა და თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას დარბაზშიც და საკრებულოს შესასვლელშიც დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიების მხრიდან საწინააღმდეგო არგუმენტების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა პოზიცია არ შეცვალა და საკრებულოს 28 დეპუტატმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ოზურგეთის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება კიდევ 4 ქალაქში საგანგებო განცხადებით გააპროტესტეს. არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტსაც მიმართავს და არჩევნების თარიღის გამოცხადებას დაჩქარებულად სთხოვს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საბიუჯეტო თანხების დაზოგვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სამინისტრო საკუთარი ინიციატივის წარდგენას მთავრობის სხდომაზე თვის ბოლოს გეგმავს. ივნისში კი საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტს წარედგინება.
14 მუნიციპალიტეტიდან მიღებულ თანხმობას სამინისტრო საკუთარ პროექტში ასახავს და მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.