20 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
ფარცხალაძეს არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ლაშა თორდიასთან - გაგი მოსიაშვილი ნეიტრალურ მოწმეებზე დაყრდნობით საუბრობს

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი, სახელმწიფო აუდიტის განცხადებას ეხმიანება. ადვოკატის თქმით, ლაშა თორდია აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.

გაგი მოსიაშვილმა შაბათის კურიერში საუბრისას აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი გამოძიების გაგრძელება უჭირთ, რადგან ნეიტრალურმა მოწმეებმა მათთან საუბრისგან თავის შეკავება არჩიეს მას შემდეგ, რაც თორდიამ მათი ვინაობის დასახელება მოითხოვა.

„ოთარ ფარცხალაძემ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს მისცა მას შემდგომ, როდესაც ბატონი განმცხადებლის, ლაშა თორდიას, დაკითხვა სრულად დასრულდა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, ელ ცენტროში მასზე ყოფილმა პროკურორმა თანმხლებ პირებთან ერთად იძალადა.

„ჩვენ ვფიქრობთ იმას, რაც მტკიცებულების სახით, ინფორმაციის სახით მივიღეთ, ეს არის ის, რომ ოთარ ფარცხალაძეს არანაირი ფიზიკური შეხება არ ჰქონია ლაშა თორდიასთან. ეს არის არა ჩემ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, არამედ ინფორმაცია, რომელიც ნეიტრალური მოწმეების მიერ მიღებული ჩვენებებით დასტურდება. ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავდასხმას 5 ან 10 პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მათ მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მისი თქმით, ლაშა თორდია მანამდე სასურველი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა. მისი თქმით, ნეიტრალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე-თორდიას შორის ჩხუბი არ ყოფილა.

საქმის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ლაშა თორდია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი არ გახლავთ, რაც კანონმდებლობაშიცაა ასახული.  

დღის ამბები