25 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის უსაფრთხოებას დააზიანებს - განცხადებები უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ

უშიშროების საბჭოს მდივანი და უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის უსაფრთხოებას დააზიანებს. ეს განცხადებები უშიშროების საბჭოს მდივანთან ექსპერტების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

პრობლემის წარმომქმნელ მთავარ მიზეზებად სპეციალისტები უშიშროების საბჭოს გაუქმებას, მთავარსარდლის ფუნქციების შეზღუდვას და სხვა ინიციატივებს ასახელებენ. მათი შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებები არ შეესაბამება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გაცხადებულ პოლიტიკას. ამავე თემაზე უშიშროების საბჭოში შემდეგი შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან გაიმართება.

„უსაფრთხოების თემი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები ამ სახით თუ განხორციელდება, საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების სისტემისთვის,“ - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

განცხადება გააკეთა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმაც. 

„გაუგებარი წარმოშობის, გაუგებარი ლეგიტიმაციის და ფუნქცია-უფლებამოსილების მქონე სხვა შეიარაღებული ძალების შექმნა კონსტიტუციით, ეს არ არის დებულება, რომელიც ნატო-სკენ მიმავალ ქვეყანაში უნდა არსებობდეს,“ - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია კი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ პარტნიორებთან.

„ძირითადი პარამეტრების შექმნის პროცესში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არა მარტო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებაშიც პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოს, უნდა ჩაერთონ ჩვენი პარტნიორებიც,“ - განაცხადა ქუთელიამ.

დღის ამბები