საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრის, გელა მიქაძის, ადვოკატი, ქეთევან ქვარცხავა, აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მათთვის საქმის მასალები არ მიუწოდებია.
საუბარია საქმეზე, რომელშიც საემიროების სასამართლომ ქართველი დეპუტატი დამნაშავედ სცნო და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატის თქმით, კონკრეტული საქმის წარმოება საქართველოშიც არ მიმდინარეობს.
„ეს საქმე საქართველოს სასამართლოში არ განიხილება, ხოლო რაც შეეხება საქმის დეტალებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში შემოიტანდნენ, რადგან სხვა საქმეებიც აქვთ საქართველოში შემოტანილი, რაიმე სამართლებრივი საფუძველი რომ ჰქონოდა. რასელ ხაიმაში, ცხადია, უფრო მარტივი იყო ამ სახკითხზე გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა ქეთევან ქვარცხავამ.
საქმე ფოთის პორტსა და კომპანია რაისტარ ტრეიდს შორის შეთანხმების გაფორმებას და შემდეგ მის ანულირებას ეხება.
კომპანია რაკიას წარმომადგენლებმა სასამართლოს განაჩენი დღეს მიიღეს. რაკიას იურისტი, ნათია წკეპლაძე, აცხადებს, რომ დოკუმენტის მიხედვით, ბრალდებულებს უკანონოდ მითვისებული 17 მილიონი ამერიკული დოლარი დაბრუნება ევალებათ.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, სასამართლოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებული იყო ბატონი მიქაძე, მაგრამ მან სასამართლოში გამოცხადება არ ისურვა,“ - განაცხადა ნათია წკეპლაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობასა და შსს-ში გელა მიქაძისთვის მისჯილი 15-წლიანი პატიმრობის საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.