მოსამართლე ნატა ნაზღაიძის სკანდალის შემდეგ, რომლის მიხედვით, რუსთავი2-ის საქმის მოსამართლეს მერიამ 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა, საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერისგან, დავით ნარმანიასგან, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, გადაცემული მიწის ნაკვეთების შესახებაც ითხოვს ინფორმაციას.
ფრაქცია ევროპული საქართველოს ინიციატივით, თბილისის მერი საკრებულოში უნდა გამოცხადდეს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ანგარიში თვითმმართველობის ორგანოს ჩააბაროს. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, დეპუტატების ნაწილი დარწმუნებულია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულების მიუხედავად, ნარმანია მათ მოთხოვნას არც ამჯერად დათანხმდება.
ყოფილი მთავარი პროკურორის ხმაურიანი საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დეპუტატები ნარამანიას მისვლის აუცილებლობას არა საკრებულოში, არამედ მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხედავენ. სამაგიეროდ, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთების ჩანაცვლების წესით გადაცემის შესახებ კითხვები მმართველი პარტიის წევრებს არა აქვთ.
რეგლამენტის მიხედვით, ნარმანიას საკრებულოში მისვლას, მინიმუმ, 10 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაშიც, ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ნარმანია მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და რეგლამენტს ისევ დაარღვევს.